433

სტალინს - api.ning.comapi.ning.com/files/p0ZiZvXgHQh9BBYpO2U3lrl1R3jhf4t2... · 4 და სტალინი სიყვარულით დაქორწინდნენ

  • Upload
    others

  • View
    9

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • 2

  • 3

    სტალინს და, მიუხედავად იმისა, რომ მათმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ

    მკაცრად აკრძალა ბანკების ძარცვა, ანუ „ექსპროპრიაცია“, მას დიდი ძარცვის

    ორგანიზება დაავალა. სტალინი, ორგანიზებულად და კონსპირაციის სრული

    დაცვით მოწყობილი ძარცვებისა და მკვლელობების წყალობით, „ბოლშევიკების

    მთავარ ფინანსისტად“ იყო მიჩნეული...

    ერევნის მოედანზე „შეიარაღებულების“ სახელით ცნობილმა სტალინის ბანდამ

    ადგილები დაიკავა. მათი რამდენიმე მზვერავი უთვალთვალებდა გოლოვინის

    პროსპექტს - თბილისის მთავარ და ლამაზ ქუჩას, სადაც მეფისნაცვლის იტალიური

    სტილის დიდებული სასახლე იდგა. „შეიარაღებულები“ დილიჟანსისა და მისი

    გამყოლი კაზაკების ესკადრონის გამოჩენას ელოდნენ. ჩერქეზულხმლიანმა კაპიტანმა

    რამდენჯერმე შეათამაშა ცხენი, მერე ჩამოქვეითდა და ფეშენებელურ ბულვარზე

    ჩაისეირნა.

    ქუჩის ყოველ კუთხეს კაზაკი ან პოლიციელი იცავდა: ხელისუფლება იანვრიდან

    ელოდა რაღაცას. რუსეთის მეფის საიდუმლო პოლიციის  - „ოხრანკის“ - და

    ფორმიანი პოლიტიკური პოლიციის - ჟანდარმერიის - აგენტები დ ა ინფორმატორები

    ანგარიშს ანგარიშზე წერდნენ კრიმინალებისა და რევოლუციონერების საიდუმლო

    გეგმებისა და შიდა დაპირისპირების შესახებ. ბანდიტები და ტერორისტები

    იატაკქვეშეთში საქმიანობდნენ და ისე იყო ყველაფერი ერთმანეთში არეული,

    მართალსა და გამოგონილს ვერ გაარჩევდი, თუმცა მოსალოდნელი

    „სანახაობის“ შესახებ თვეებით ადრე ვრცელდებოდა ხმები.

    იმ ნისლიან დილას ვერ იტყოდი, რომ თბილისის აღმოსავლური ფერები იმავე

    სამყაროს ეკუთვნოდა, რომელსაც ათასობით კილომეტრის მოშორებით გაშენებული

    სანქტ-პეტერბურგი - მეფის რუსეთის დედაქალაქი. თბილისის ძველისძველი და

    ბნელი ქუჩები მთაწმინდის კალთებზე მიიკლაკნებოდა, ვაზით დაჩრდილული

    აივნებით დამშვენებული ულამაზესი სახლების გასწვრივ. ეს ქალაქი ერთ დიდ

    სოფელს ჰგავდა, სადაც ყველა ყველას იცნობდა.

    ზუსტად სამხედრო შტაბის უკან, ფრეილინის ლამაზ ქუჩაზე, მთავარ მოედანთან

    ახლოს ცხოვრობდა სტალინის ცოლი, ახალგაზრდა მომხიბვლელი მკერავი,

    ეროვნებით ქართველი კატო სვანიძე თავის ახალშობილ ვაჟთან, იაკობთან ერთად. ის

  • 4

    და სტალინი სიყვარულით დაქორწინდნენ. სტალინი ცოლის ერთგული იყო, კატო კი

    აღმერთებდა ქმარს და იზიარებდა მის რევოლუციურ მისწრაფებებს. სწორედ მაშინ,

    როცა კატო ვაჟიშვილთან ერთად აივანზე მზეს ეფიცხებოდა, მისი ქმარი მისთვის და

    მთელი თბილისისთვის საშინელი დარტყმის მიყენებას აპირებდა.

    თბილისი - ეს იდუმალი ქალაქი - მთელი კავკასიის დედაქალაქი იყო; კავკასია კი -

    მეფის რუსეთის დაუმორჩილებელი მთიანი გუბერნია, შავ და კასპიის ზღვებს შორის

    გადაჭიმული, ფიცხი და ამაყი ხალხების მშფოთვარე სამშობლო. გოლოვინის

    პროსპექტი პარიზულ ქუჩას ჩამოჰგავდა თეთრი ნეოკლასიკური თეატრით,

    მავრიტანული სტილის ოპერის შენობით, მდიდრული სასტუმროებით, ქართველი

    თავადებისა და სომეხი ნავთობმაგნატების სასახლეებით, თუმცა სამხედრო შტაბის

    შენობას გასცდებოდით თუ არა, ერევნის მოედანი აზიურ სტილში გადადიოდა.

    ეგზოტიკურად ჩაცმული დამტარებლები და პატარა ფარდულების მეპატრონენი

    ცხარესანელებლიან ქართულ ლობიოსა და ცხელ ხაჭაპურს სთავაზობდნენ

    გამვლელებს. თულუხჩებს, ხელზე მოვაჭრეებს, ჯიბის ქურდებსა და მტვირთავებს

    საქონელი დაჰქონდათ ან იპარავდნენ სომხურ და სპარსულ ბაზრებში, რომელთა

    ვიწრო გასასვლელები აღმოსავლურ ბაზარს უფრო ჰგავდა, ვიდრე ევროპული

    ქალაქისას. სპარსეთისა და თურქეთის აბრეშუმითა და სანელებლებით, სოფლებიდან

    ჩამოტანილი ხილითა და ღვინის ტიკჭორებით დატვირთული აქლემებისა და

    ვირების ქარავნები ქარვასლის ჭიშკარში შედიოდნენ. ახალგაზრდა ოფიციანტები და

    ლაქიები სტუმრებს ემსახურებოდნენ, ბარგს ეზიდებოდნენ, აქლემებს ტვირთავდნენ

    და მოედანს უთვალთვალებდნენ. ქართული არქივებიდან (რომლებიც სულ ახლახან

    გახდა ხელმისაწვდომი ფართო წრეებისათვის), უკვე ცნობილია, რომ სტალინი

    ქარვასლის პატარა ბიჭებს მოთვალთვალეებად და კურიერებად იყენებდა. სწორედ

    ძარცვის დღეს ქარვასლის ერთ-ერთ საიდუმლო ოთახში ბანდის მეთაურები

    ხელქვეითებს უკანასკნელ დარიგებებს აძლევდნენ და კიდევ ერთხელ იმეორებდნენ

    გეგმას. იმ დილით სტალინიც იქ იმყოფებოდა.

    იმ ორმა მომხიბლავმა გოგონამ, ფაცია გალდავამ და ანეტა სულაქველიძემ,

    რომლებიც ჭრელ ქოლგებს ატრიალებდნენ, კაბებქვეშ კი დატენილ მაუზერებს

    მალავდნენ, თითქოს უდარდელად გადაჭრეს მოედანი, სამხედრო შტაბთან

  • 5

    შეჩერდნენ და რუს ოფიცრებს, მოხდენილ ლურჯ ფორმებში გამოწყობილ

    ჟანდარმებსა და ფეხმრუდ კაზაკებს კეკლუცი საუბარი გაუბეს.

    თბილისი იყო - და ახლაც არის - მოსეირნეთა ქალაქი. მოსეირნენი ხშირად

    ჩერდებოდნენ ღვინის დასალევად ღია დუქნებში. თუკი ემოციური ქართველი ხალხი

    რომელიმე ევროპულ ერს ჰგვანან, ალბათ იტალიელებს. ჩოხოსანი ქართველები და

    კავკასიური წარმოშობის სხვა მამაკაცები ომახიანი სიმღერით ამაყად მიუყვებოდნენ

    ქუჩას. შავთავსაბურავიანი ქართველი ქალები და რუსი ოფიცრების ევროპულ

    ყაიდაზე ჩაცმული ცოლები პუშკინის ბაღში სეირნობდნენ და სპარსელებთან,

    სომხებთან, ჩეჩნებთან, აფხაზებთან და ებრაელებთან ერთად შაქარყინულსა და

    შარბათს ყიდულობდნენ.

    ქუჩის ბიჭები გაფაციცებით აკვირდებოდნენ ხალხს, იქნებ რაიმე ავცინცლოთო.

    თეთრ, კოჭებამდე სტიქარებში გამოწყობილი ყმაწვილი სემინარიელები

    მასწავლებლებთან, ანაფორიან გრძელწვერა მღვდლებთან ერთად გამოდიოდნენ

    სემინარიის თეთრი, სვეტებიანი შენობიდან, სადაც ცხრა წლის წინ სტალინი ლამის

    მღვდლად აკურთხეს. სწორედ ეს აღმოსავლურ-დასავლური, არასლავური,

    არარუსული, კავკასიური კალეიდოსკოპი იყო ის სამყარო, რომელმაც სტალინი

    აღზარდა.

    ანეტამ და ფაციამ დრო შეამოწმეს და მოედნის სხვადასხვა კუთხეში დაიკავეს

    ადგილები. საეჭვო დუქან „ტილიპუჭურის“ მრავალფეროვანი კლიენტურა -

    თავადები, მაჭანკლები, ინფორმატორები და ჯიბის ქურდები - ქართულ ღვინოსა და

    სომხურ კონიაკს მიირთმევდა.

    სწორედ მაშინ რევოლუციონერი დავით საღირაშვილი, რომელიც სტალინსაც და

    ბანდის სხვა წევრებსაც იცნობდა, მეგობარს დუქანში ესტუმრა. კართან მოქეიფე

    ბანდიტი ბაჭუა კუპრიაშვილი დახვდა. ბაჭუამ მაშინვე სკამი შესთავაზა და,

    ქართული წესის მიხედვით, წითელი ღვინით სავსე ჭიქა დაუდგა. დავითმა ღვინო

    დალია და ის იყო, წასვლა დააპირა, რომ ბაჭუამ „ხაზგასმულად

    ზრდილობიანად“ სთხოვა, შენობაში დარჩენილიყო და კიდევ გაესინჯა ღვინო და

    კერძები. დავითი მიხვდა, შენობიდან ვერ გავიდოდა. კართან რამდენიმე

  • 6

    შეიარაღებული კაცი იდგა, რომლებიც რესტორანში უშვებდნენ ხალხს, მაგრამ არავის

    აძლევდნენ გარეთ გასვლის ნებას....

    მომხიბლავმა შავგვრემანმა მზვერავმა ფაცია გალდავამ ბულვარზე ჭენებით

    მომავალი ბადრაგი დაინახა თუ არა, მაშინვე ჩქარი ნაბიჯით გაემართა პუშკინის

    ბაღისკენ და გაზეთი დაუქნია ბაღის ჭიშკართან მდგარ სტეპკო ინწკირველს.

    სტეპკომ თავი დაუქნია ანეტა სულაქველიძეს, რომელიც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს,

    „ტილიპუჭურთან“ იდგა, ქალმა კი დუქანში მყოფთ ანიშნა, გარეთ გასულიყვნენ.

    კართან მდგარმა „შეიარაღებულმა“ დუქანში მსხდომი ყაჩაღები გამოიხმო.

    საღირაშვილმა დაინახა, რომ დუქანში „მოქეიფე“ გამხდარი და უჭმელობით

    დაჭლექიანებული, ფართოშარვლიანი ახალგაზრდა თავადიშვილები მიცემულ

    ნიშანზე გარეთ გამოვიდნენ და მოედანზე მიმოიფანტნენ. მათი საქმიანობა ალბათ

    ბოროტმოქმედება იყო, მაგრამ მიზანი ფულის შოვნა არ იყო: მათი გულები ლენინს,

    პარტიას და თბილისში მათ მეთოჯინეს, სტალინს ეკუთვნოდა.

    „ყველა ჩვენგანის ფუნქცია წინასწარ იყო განსაზღვრული“, - იხსენებდა ბანდის მესამე

    წევრი, ანეტას მეგობარი ალექსანდრა დარახველიძე - ცხრამეტი წლის გოგონა,

    რომელსაც, ასაკის მიუხედავად, ძარცვებსა და მკვლელობებში მონაწილეობის დიდი

    გამოცდილება ჰქონდა.

    თითოეულმა ბანდიტმა თითო პოლიციელი ამოიღო მიზანში. პოლიციელებს

    „ფარაონებს“ ეძახდნენ. ორმა შეიარაღებულმა ყაჩაღმა რატუშასთან მდგარ კაზაკებს

    დაუმიზნა; დანარჩენებმა სახელმწიფო ბანკის შორიახლო, ველიამინოვის ქუჩისა და

    სომხური ბაზრის კუთხე დაიკავეს. ალექსანდრა დარახველიძე თავის

    გამოუქვეყნებელ მემუარებში იხსენებს, როგორ იცავდა ქუჩის ერთ-ერთ კუთხეს ორ

    შეიარაღებულ ყაჩაღთან ერთად.

    ამ დროს ბაჭუა კუპრიაშვილმა, ვითომ უდარდელად რომ კითხულობდა გაზეთს,

    შორს ცხენის ფლოქვებისგან ავარდნილი მტვრის ღრუბელი შეამჩნია. ბაჭუამ დაახვია

    გაზეთი და მოემზადა... ისინი მოდიოდნენ!

    იქამდე მოედანზე მოსეირნე კავალერიის ლაპლაპახმლიანი კაპიტანი ჯერ

    გამვლელებს აფრთხილებდა, მოედანს მორიდებოდნენ, მაგრამ როცა არავინ არ

  • 7

    მიაქცია ყურადღება, ისევ თავის ჩინებულ ცხენს მოახტა. ეს 25 წლის კამო იყო,

    ნახევრად რაინდი, ნახევრად ბანდიტი, „შეიარაღებულთა“ მეთაური და, როგორც

    სტალინი ამბობდა, „შენიღბვის დიდოსტატი“, რომელსაც შეეძლო თავი გაესაღებინა

    მდიდარ თავადადაც და სოფლელ მრეცხავ ქალადაც. კამოს სიარულის ნერვიული

    მანერა ჰქონდა, მარცხენა თვალს, რომლითაც ცუდად ხედავდა, აელმებდა და

    აცეცებდა: ძარცვამდე რამდენიმე კვირით ადრე ხელში თვითნაკეთი ყუმბარა

    აფეთქებოდა და ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულიყო.

    კამო „მოჯადოებული“ იყო სტალინით, რომელმაც ის მარქსიზმს აზიარა. ისინი

    ერთად იზრდებოდნენ გორში - თბილისიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ

    პატარა ქალაქში. ბანკის გულადი მძარცველი კამო, ერთი მხრივ, გულუბრყვილოდ

    მიმნდობი, მეორე მხრივ კი ფსიქოფატი იყო. უცნაურად მშვიდს, ფერმკრთალსა და

    არაფრისმთქმელი მზერის პატრონს გულით სურდა ესიამოვნებინა ბატონისთვის და

    ბევრჯერ უთხოვია, ნება მომეცი, შენ მაგივრად მე მოვკლაო. არანაირი საქმე, არც

    შემზარავი მკვლელობა და არც თავხედური ექსტრავაგანტულობა არ ეთაკილებოდა:

    ერთ მსხვერპლს მკერდიც კი გაუპო და გული ამოაცალა.

    სტალინი მთელი სიცოცხლე მაგნიტივით იზიდავდა კამოსნაირ ამორალურ,

    თავაშვებულ ფსიქოპათებს და მათ თავის თაყვანისმცემლებად აქცევდა. მისი

    ბავშვობის მეგობარი კამო და ბანდის სხვა წევრები პირველები იყვნენ ამ გრძელ სიაში.

    ეს ახალგაზრდები თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ სტალინს, რომელსაც მათი

    აღტაცება საშუალებას აძლევდა, რკინის დისციპლინა დაენერგა მათ რიგებში. კამო

    ხშირად სტუმრობდა სტალინს სახლში. „სანახაობამდე“ ცოტა ხნით ადრე მან კატოს

    მამის ხმალი ითხოვა, ვითომ კაზაკი ოფიცრის განსასახიერებლად. არისტოკრატად

    აღზრდილ ლენინსაც კი ხიბლავდა თავზეხელაღებული კამო, მოფერებით

    „კავკასიელ ბანდიტს“ ეძახდა. „კამო, - ამბობდა 51 წლის ლენინი, - მართლაც,

    საოცარი ადამიანი იყო“.

    „კაპიტანმა“ კამომ ბულვარისკენ შეაბრუნა ცხენი და ჩორთით გაემართა მომავალი

    ბადრაგისკენ. მისი გათვლით, ოპერაცია სროლის დაწყებიდან 3 წუთში უნდა

    დამთავრებულიყო.

  • 8

    კაზაკებმა ერევნის მოედანზე შემოაჭენეს ცხენები. ისინი ორ ეტლს მოაცილებდნენ.

    ორი კაზაკი წინ მოუძღოდა, ორი უკან მოსდევდა და ერთიც გვერდით მოჰყვებოდა.

    მტვრის კორიანტელში ყაჩაღებმა შეამჩნიეს, რომ დილიჟანსში ისხდნენ სერთუკიანი

    მამაკაცები - სახელმწიფო ბანკის მოლარე კურდიუმოვი და ბუღალტერი გოლოვნია,

    კიდევ ორი ჯარისკაცი შემართული თოფებით, ფაეტონი კი პოლიციელებითა და

    ჯარისკაცებით იყო სავსე. ეტლებმა და ცხენოსნებმა წამებში გადაჭრეს მოედანი და

    გეზი აიღეს სოლოლაკისკენ, სადაც სახელმწიფო ბანკის ახალი შენობა იდგა:

    შესასვლელი კარის თავზე გამოყვანილი ლომებისა და ტიტანების ბარელიეფები

    რუსული კაპიტალიზმის კეთილდღეობის ნიშანი იყო.

    შეტევის დაწყების ნიშნად ბაჭუამ გაზეთი ძირს დაუშვა, მერე გადააგდო და იარაღს

    დასწვდა. ბანდიტებმა ძლიერი ჭურვები - „ვაშლები“ - ამოიღეს, რომლებიც

    თბილისში ანეტამ და ალექსანდრამ დიდ დივანში დამალული შემოიტანეს.

    ყაჩაღებმა და გოგონებმა ოთხ ჭურვს დეტონატორები მოხსნეს და ისროლეს. ჭურვები

    ეტლების ქვეშ გამაყრუებელი ხმაურით აფეთქდა. აფეთქების ძალამ ცხენები

    გამოფატრა, ადამიანები კი დაფლითა. ბანდიტებმა ახლა მაუზერები და ბრაუნინგები

    მოიმარჯვეს და მოედნის ირგვლივ მდგარ კაზაკებსა და პოლიციელებს გაუხსნეს

    ცეცხლი. დაბნეული, დაჭრილი პოლიციელები იქვე ეცემოდნენ ან ხოხვით ეძებდნენ

    თავშესაფარს. ათ ბომბზე მეტი აფეთქდა. მოწმეების ჩვენებით, ჭურვები ყველა

    მხრიდან ცვიოდა, სახურავებიდანაც კი: შემდეგ ისიც ითქვა, პირველი ჭურვი თავად

    სუმბათოვის სასახლის სახურავიდან თვითონ სტალინმა ისროლაო.

    ბანკის ეტლები გაჩერდა. გამვლელები კიოდნენ და უსაფრთხო ადგილისკენ

    მიხოხავდნენ. ზოგს მიწისძვრა ეგონა. „არავის შეეძლო ეთქვა, ეს საშინელი ხმაური

    ზარბაზნების გუგუნი იყო თუ ბომბების აფეთქება, - წერდა ქართული გაზეთი

    „ისარი“. ამ ხმამ პანიკა გამოიწვია... დილიჟანსები, ეტლები და ფეხით მოსიარულები

    მთელ ქალაქში დარბოდნენ...“ სახურავებიდან საკვამურები ცვიოდა; ირგვლივ ყველა

    შენობის ფანჯარა, მეფისნაცვლის სასახლის ჩათვლით, ჩამსხვრეული იყო.

    იმ დროს კატო სვანიძე თავის აივანზე იდგა და ოჯახთან ერთად შვილს ეთამაშებოდა.

    „უცებ ბომბების აფეთქების ხმა გავიგონეთ და დაზაფრულები ოთახში

  • 9

    შევცვივდით,“ - იხსენებდა მისი და, საშიკო, გარეთ კი კვამლსა და ქაოსში ცხენების

    გვამები და დასახიჩრებული ადამიანების სხეულები ერთმანეთში იყო არეული.

    ეტლში შებმულ ცხენს ნელ-ნელა სიცოცხლის ნიშნები დაუბრუნდა. როგორც კი ერთ-

    ერთი ყაჩაღი გამოიქცა, რათა ეტლში ჩადებული ფულის ჩანთებისთვის ეტაცა ხელი,

    ცხენი ადგილს მოსწყდა და ჯარისკაცების ბაზრისკენ გაქუსლა. მალე

    გაუჩინარდებოდა კიდეც იმ ფულით, რომელსაც სტალინი ლენინს შეჰპირდა

    რევოლუციისთვის.

    *

    მთელი XX საუკუნის განმავლობაში სტალინის როლი იმ დღის მოვლენებში საეჭვოდ

    მიაჩნდათ. თუმცა ახლა, ძარცვიდან ერთი საუკუნის მერე, უკვე შესაძლებელია

    სიმართლის დადგენა: მოსკოვსა და თბილისში არსებული არქივებიდან უკვე

    ცნობილია, თუ როგორ ოსტატურად წარმართა სტალინმა ეს ოპერაცია და რამდენიმე

    თვის განმავლობაში როგორ „ამუშავებდა“ „თავის კაცს“ ბანკში. მისი ცოლისდის,

    საშიკო სვანიძის გამოუქვეყნებელ მემუარებში, რომელიც ქართულ არქივებში ინახება,

    ნათქვამია, რომ სტალინი თვითონაც აშკარად აღიარებდა ამ ოპერაციის

    ხელმძღვანელობას.

    სტალინი ტკბებოდა „ბინძური“ პოლიტიკით, რევოლუციური შეთქმულების დრამით.

    სანამ საბჭოთა რუსეთის დიქტატორი იყო, ის ხშირად თითქმის ნოსტალგიით,

    იხსენებდა ცნობილ თამაშს „კაზაკები და ბანდიტები“ („казаки и разбойники“), თუმცა

    არასდროს ყვებოდა ისეთ დეტალებს, რაც მის, როგორც სახელმწიფო მმართველის,

    რეპუტაციას შეარყევდა.

    1907 წელს სტალინი დაბალი, ჯმუხი, სხვადასხვა სახელებით ცნობილი იდუმალი

    კაცი იყო. ჩვეულებრივ, წითელი სატინის პერანგი და ნაცრისფერი პალტო ეცვა და

    ფეტრის შავი ქუდი ეხურა. ზოგჯერ ტრადიციულ ქართულ ჩოხას ანიჭებდა

    უპირატესობას და მოსწონდა თეთრი კავკასიური ყაბალახის მხრებზე მოხდენილად

    მოხვევა. დაუდგრომელი და ხშირად პოლიციის მიერ ძებნილი, ბევრ ფორმას

    იყენებდა შესანიღბად - პოლიციას ბევრჯერ ქალის კაბაში გადაცმულიც დამალვია.

  • 10

    ქალებს ძალიან იზიდავდა, ხშირად მღეროდა ქართულ სიმღერებს და კითხულობდა

    ლექსებს. ქარიზმატულიც იყო და იუმორის გრძნობაც ჰქონდა, მაგრამ მაინც პირქუში

    და უცნაური ეთქმოდა. მის „მწველ“ თვალებს თაფლისფერი გადაჰკრავდა

    მეგობრული გამოხედვისას, ყვითელი - გაბრაზებისას. მაშინ ჯერ არ ატარებდა

    ულვაშს, თმას ზღარბივით იჭრიდა. ზოგჯერ კი პირიქით - წვერს უშვებდა და თმას

    იზრდიდა; ჭორფლიანი და ნაყვავილარი სახე ჰქონდა; სწრაფად, მაგრამ გვერდულად

    დადიოდა; მარცხენა ხელს შეზღუდულად ამოძრავებდა, რაც ბავშვობაში

    გადატანილი ავადმყოფობებისა და უბედური შემთხვევების შედეგი იყო.

    დაღლა რა იყო, არ იცოდა, მუდამ იდეებითა და გამომგონებლობით იყო შეპყრობილი.

    სწავლის წყურვილითა და მასწავლებლობის ინსტინქტით შთაგონებული, ბეჯითად

    სწავლობდა ლიტერატურასა და ისტორიას, თუმცა ტექსტისადმი სიყვარულს მაინც

    ბრძანებებისა და დომინირებისადმი სწრაფვა, მტრების განადგურებისა და მცირედი

    წყენის გამო შურისძიების სურვილი სჯაბნიდა. მომთმენსა და მშვიდს, შეეძლო

    ამპარტავანიც ყოფილიყო და თავხედიც, ფიცხიც და ადვილად ფეთქებადიც.

    იყო მტკიცე რეალისტიც, სარკასტული ცინიკოსიც და განსაკუთრებულად უმოწყალო

    მკვლელიც: სწორედ მან შექმნა ბანკის მძარცველებისა და მკვლელების

    ბოლშევიკური ბანდა „შეიარაღებულები“, რომელსაც მაფიოზივით აკონტროლებდა.

    კატოზე სიყვარულით დაქორწინებულმა სტალინმა უგულო, მოუსვენარი ცხოვრება

    არჩია, რაც, მისი აზრით, ჩვეულებრივი მორალისა და პასუხისმგებლობისგან, თვით

    სიყვარულისგანაც კი ათავისუფლებდა. ის სხვების განდიდების მანიაზე წერდა და

    ძალაუფლებისაკენ თავისი სწრაფვა არ ჰქონდა გაცნობიერებული. თავისი

    იდუმალება ხიბლავდა. როცა მეგობრების კარზე აკაკუნებდა, შეკითხვაზე, „ვინ არის“,

    სტალინი მოჩვენებითად ავბედითი ხმით პასუხობდა: „ფოსტალიონი“.

    ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი რევოლუციონერისთვის იატაკქვეშეთი

    ბუნებრივი საარსებო გარემო იყო. ექსტრემისტად და კონსპირატორად დაბადებული

    „ყმაწვილობიდან ფანატიკოსი მარქსისტი ფოსტალიონი“ რწმენით იყო სავსე.

    „ძარცვების ხანა სტალინმა დაიწყო,“ - წერდა მშობლიური ქალაქიდან ერთ-ერთი

    მისი მეგობარი, იოსებ დავრიჩევი, ვისთან ერთადაც სტალინი ბანკზე თავდასხმებს

  • 11

    გეგმავდა. გავრცელებული აზრით, სტალინი ოპერაციებს ხელმძღვანელობდა, მაგრამ

    პირადად არასდროს მონაწილეობდა მათში. იქნებ ასე იყო იმ დღესც, 1907 წელს...

    თუმცა უკვე ცნობილია, რომ სტალინი, ჩვეულებრივ, მაუზერით შეიარაღებული,

    ხშირად უშუალოდ იყო ჩართული სხვადასხვა ძარცვაში.

    ის ყოველთვის გაფაციცებით ეძებდა სამიზნე ობიექტს, რადგან იცოდა, რომ

    საუკეთესო ძარცვა სწორედ გასაძარცვი ობიექტის თანამშრომლების დახმარებით

    ხდება. ამჯერადაც მას ორი „თავისი კაცი“ ჰყავდა ბანკში. ის ჯერ მოთმინებით

    ცდილობდა ბანკის კლერკთან დაახლოებას, შემდეგ შემთხვევით წააწყდა სკოლის

    ამხანაგს, რომელიც ბანკის საფოსტო განყოფილებაში მუშაობდა. სტალინი მას

    რამდენიმე თვეს „ამუშავებდა“, სანამ ამხანაგმა არ გაანდო, რომ ფული - შეიძლება

    მილიონი რუბლიც კი - თბილისში 1907 წლის 13 ივნისს ჩამოვიდოდა.

    ეს თანამშრომელი შემდეგ გამოტყდა, რომ მხოლოდ იმიტომ დაეხმარა სტალინს ამ

    უზარმაზარი ძარცვის განხორციელებაში, რომ მისი რომანტიკული პოეზიის

    თაყვანისმცემელი იყო. მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა ასეთი რამ

    მომხდარიყო - პოეტი სტალინის ხათრით ბანდიტ სტალინს „დახმარებოდნენ“.

    *

    ეტლიანად გაქცეულმა ცხენმა თავისი ძვირფასი ტვირთით მოედანი გადაჭრა.

    ბანდიტები პანიკამ შეიპყრო, მაგრამ სამი ყაჩაღი საოცარი სისწრაფით დაედევნა.

    ბაჭუა კუპრიაშვილი აუღელვებლად გადახტა ცხენისკენ და კიდევ ერთი

    „ვაშლი“ შეუგდო ცხოველს ფეხებში. აფეთქებამ ცხენს ფეხები წააწყვიტა და

    ნაწლავები გადმოაყრევინა, ბაჭუა კი ჰაერში აისროლა და უგონოდ დააგდო

    ქვაფენილზე.

    ეტლი გადაბრუნდა. ბაჭუა არ იძროდა. ეტლზე დათიკო ჭიბრიაშვილი შეხტა და

    ფულით სავსე ტომრები გადმოათრია. ის ველიამინოვის ქუჩისკენ წაბარბაცდა. ბანდა

    უკვე დაფანტულიყო, მძიმე ტვირთით დათიკო შორს ვერ გაიქცეოდა: ფული

    ვინმესთვის უნდა გადაეცა, მაგრამ ვისთვის?

    სქელი კვამლი გაიფანტა. იქაურობა ნაომარს ჰგავდა. ჯერ კიდევ ისმოდა კივილი და

    სროლის ხმა, ქვაფენილზე სისხლის მდინარეები მიედინებოდა. კაზაკები და

  • 12

    ჯარისკაცები სამალავებიდან გამოდიოდნენ და იარაღს ამზადებდნენ. დამხმარე

    ჯარი უკვე მოდიოდა. „ყველა ამხანაგი, მათ გარდა, ვისაც ნერვებმა უმტყუნა და

    გაიქცა, მოწოდების სიმაღლეზე იყო „, - წერდა ბაჭუა კუპრიაშვილი. ფულის

    ტომრებით დატვირთულმა დათიკომ უცებ აღმოაჩინა, რომ მარტო დარჩა. ის დაიბნა

    და შეყოყმანდა. გეგმის წარმატება ბეწვზე ეკიდა.

    *

    მართლა ისროლა პირველი ხელყუმბარა სტალინმა თავად სუმბათოვის სახლის

    სახურავიდან? სხვა წყარო, პ. ა. პავლენკო, დიქტატორის ერთ-ერთი პირადი მწერალი,

    ამტკიცებდა, რომ სტალინმა თვითონ ესროლა ეტლს და ჭურვის ნამსხვრევითაც

    დაიჭრა. მაგრამ ეს არადამაჯერებლად ჟღერს. სტალინს ასეთ სიტუაციებში,

    ჩვეულებრივ, „შორს ეჭირა თავი“, ერთი მხრივ, უსაფრთხოების მიზნით, მეორე

    მხრივ კი იმიტომ, რომ თავი განსაკუთრებულად მიაჩნდა.

    ქართული წყაროების მიხედვით, მოგვიანებით, 20-იან წლებში, ნასვამი კამო

    ამტიცებდა, რომ სტალინი არ იყო ამ ძარცვის უშუალო მონაწილე, ის მხოლოდ

    შორიდან ადევნებდა თვალს ძარცვას. ამას სხვა, თუმცა საეჭვო წყაროც ამტკიცებს,

    კერძოდ, პოლიციის ანგარიში, რომელშიც წერია, რომ სტალინი „გოლოვინის

    პროსპექტზე მდებარე სახლის ეზოში სიგარეტს ეწეოდა და მშვიდად აკვირდებოდა

    ამ უმოწყალო სისხლისღვრას“. შეიძლება, „სახლი“ სწორედ თავად სუმბათოვისა იყო.

    ბულვარის მერძევეებს, მედუქნეებს, მეწაღეებს, დალაქებსა და მეწვრილმანეებს

    შორის მრავლად იყვნენ ოხრანკის ინფორმატორები. ამიტომაც სავარაუდოა, რომ

    სტალინი, საიდუმლო საქმეების ოსტატი, რომელსაც განსაკუთრებით ეხერხებოდა

    უცაბედი გამოჩენა და გაუჩინარება, ამ ადგილს სროლების დაწყებისთანავე გაეცალა.

    ყველაზე სანდო წყაროს თანახმად, სტალინი იმ დილას რკინიგზის სადგურზე

    იმყოფებოდა.

    აქედან მას ადვილად შეეძლო კავშირი ჰქონოდა ერევნის მოედანზე მოტრიალე

    მტვირთავებთან და ქუჩის ბიჭებთან. თუ ისინი ცუდ ამბებს შეატყობინებდნენ, ის

    მატარებელს შეახტებოდა და გაუჩინარდებოდა.

    *

  • 13

    ძარცვა უკვე ჩაშლის პირას იყო, როცა „კაპიტანი“ კამო ვესტერნის ფილმების

    კოვბოივით შევარდა მოედანზე ფაეტონით. ცალ ხელში სადავეები ეპყრა, მეორეში -

    მაუზერი. გეგმის ჩავარდნით გამწარებულმა ფაეტონი რამდენჯერმე დაატრიალა

    წრეზე და ირგვლივ სივრცე გაითავისუფლა, თან მთელი ხმით იგინებოდა. შემდეგ

    დათიკოს მივარდა, გადაიხარა და ერთ-ერთი შეიარაღებული გოგონას დახმარებით,

    ნაალაფარი ტომრები ფაეტონში ჩაყარა. მერე მოწყვეტით მოაბრუნა ფაეტონი, უკან,

    ბულვარზე გააჭენა და მეფისნაცვლის სასახლის მიღმა გაუჩინარდა. სასახლე

    სკასავით ბზუოდა: ჯარის ნაწილები მოდიოდნენ, კაზაკები ცხენებს კაზმავდნენ და

    დამხმარე ძალები ბრძანებებს ღებულობდნენ.

    კამომ მისკენ სწრაფად მომავალი პოლიციის ფაეტონი შეამჩნია. ფაეტონში პოლიციის

    უფროსის მოადგილე ა. გ. ბალაბანსკი იჯდა.

    - ფული უსაფრთხოდაა. ჩქარა მოედნისკენ! - დაუყვირა კამომ. ბალაბანსკი

    მოედნისკენ გაქანდა. მან მხოლოდ მეორე დღეს აღმოაჩინა თავისი შეცდომა და თავი

    მოიკლა.

    კამომ ეტლი ერთ-ერთ სადურგლოს ეზოში შეიყვანა, იმ სახლის უკან, რომელიც

    ხანში შესულ ქალბატონს, ბარბარა (ბაბე) ბოჭორიძეს ეკუთვნოდა. სტალინს აქ ბევრი

    ღამე ჰქონდა გატარებული ბაბეს ვაჟთან, მიხასთან ერთად. ძარცვის გეგმაც სწორედ აქ

    შემუშავდა. ეს მისამართი კარგად იყო ცნობილი პოლიციისთვის, თუმცა ბანდიტებს

    მოსყიდული ჰყავდათ ჟანდარმერიის ერთი ოფიცერი, კაპიტანი ზუბოვი, რომელსაც

    მოგვიანებით ქრთამის აღება და ნადავლიდან წილის მიღება დაედო ბრალად.

    ძალაგამოცლილმა კამომ ფული დააბინავა, ფორმა გამოიცვალა და გახურებულ

    თავზე სათლით წყალი გადაივლო.

    *

    სტალინის „სანახაობამ“ მსოფლიო შეძრა. ლონდონში „დეილი მირორმა“ გამოაქვეყნა

    სტატია: „ბომბების წვიმა: რევოლუციონერებმა ხალხის მასებს ცეცხლი გაუხსნეს.

    დღეს ქალაქის ცენტრში, ხალხით სავსე მოედანზე დაახლოებით 10 ჭურვი ისროლეს.

    ჭურვები აფეთქდა და უამრავი ადამიანი შეიწირა“... „ტაიმსმა“ ამ ფაქტს „ბომბების

  • 14

    აფეთქება თბილისში“ უწოდა; პარიზის „ლე ტემპი“ უფრო ლაკონიური იყო:

    „კატასტროფა!“

    თბილისი ღელავდა. კავკასიის გულთბილი მეფისნაცვალი, გრაფი ვორონცოვ-

    დაშკოვი მაღალფარდოვნად საუბრობდა „ტერორისტების თავხედობაზე“.

    „ადმინისტრაცია და ჯარი მობილიზებულია, - აცხადებდა „ისარი“, - პოლიცია და

    სამძებრო ჯგუფები მთელ ქალაქში მოქმედებენ. ბევრი დაპატიმრებულია „... სანქტ-

    პეტერბურგი შეურაცხყოფილი იყო. უშიშროების ორგანოებს უბრძანეს, რაც

    შეიძლება სწრაფად ეპოვათ ფული და მძარცველები. დაინიშნა სპეციალური

    დეტექტივი და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი; გადაიკეტა გზები; ალყა შემოარტყეს

    ერევნის მოედანს; კაზაკებსა და ჟანდარმებს ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები აჰყავდათ.

    ყველა ინფორმატორი თუ ორმაგი აგენტი აგროვებდა ინფორმაციას; საჭირო ადგილას

    უამრავი ვერსია მიდიოდა, თუმცა არც ერთ ვერსიაში არ ფიგურირებდნენ ნამდვილი

    დამნაშავეები.

    გადაბრუნებულ ეტლში 20 ათასი რუბლი დარჩა. სიკვდილს გადარჩენილმა მეეტლემ

    იფიქრა, ბედს ვეწიეო, და 9.5 ათასი რუბლი მიითვისა, მაგრამ მოგვიანებით

    დააპატიმრეს: მან არაფერი იცოდა სტალინისა და კამოს ბანდის შესახებ.

    მოგვიანებით ვიღაც ქალი ამტკიცებდა, ერთ-ერთი მძარცველი მე ვარო, მაგრამ

    შეშლილი აღმოჩნდა.

    ვერაფრით დაადგინეს, რამდენი მძარცველი მონაწილეობდა ამ საქმეში. მოწმეების

    ჩვენებით, ორმოცდაათამდე ბანდიტი ისროდა ჭურვებს სახურავებიდან და

    მთაწმინდიდანაც კი. არავის დაუნახავს, რომ ფულის ტომრები კამომ აიღო.

    „ოხრანკას“ მთელი რუსეთიდან მისდიოდა ჭორები იმის შესახებ, რომ ეს ძარცვა

    თვით სახელმწიფოს, პოლონელი სოციალისტების, როსტოველი ანარქისტების,

    სომეხი დაშნაკებისა თუ სოციალისტ-რევოლუციონერების მიერ იყო მოწყობილი.

    ბანდის ვერც ერთი წევრი ვერ დაიჭირეს, თვით კუპრიაშვილიც კი. ისიც დროულად

    მოვიდა გონს და კოჭლობით მაშინვე გაეცალა იქაურობას. ბანდიტებმა არეულობით

    ისარგებლეს და სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ. ერთ-ერთი მათგანი,

    ელისო ლომინაძე, რომელიც ალექსანდრასთან ერთად იცავდა ქუჩის კუთხეს,

    მასწავლებელთა შეკრებაზე შეიპარა, მასწავლებლის უნიფორმა მოიპარა და მერე

  • 15

    მშვიდად დაბრუნდა უკან, რომ თავისი ნამოქმედარით დამტკბარიყო. „მაშინ ყველა

    გადარჩა,“ - ჩაწერა მემუარებში 1959 წელს ალექსანდრა დარახველიძემ - იმ ბანდის

    ერთადერთმა ცოცხლად დარჩენილმა წევრმა.

    მოედანზე ორმოცდაათი დაჭრილი მოქალაქე იმყოფებოდა და სამი კაზაკის, ბანკის

    თანამშრომლებისა და რამდენიმე უდანაშაულო გამვლელის დაფლეთილი გვამები

    ეყარა. ჩვეულებრივ, გაზეთები, რომელთაც ცენზურა აკონტროლებდა, დაღუპულთა

    რაოდენობას ამცირებდა, მაგრამ „ოხრანკის“ არქივებიდან ირკვევა, რომ ორმოცამდე

    ადამიანი დაიღუპა. დაჭრილებისათვის სამედიცინო პუნქტები ახლოს მდებარე

    მაღაზიებში იყო გახსნილი. ოცდაოთხი მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში

    გადაიყვანეს. ერთი საათის მერე გამვლელები შეესწრნენ ეტლების სამგლოვიარო

    მსვლელობას გოლოვინის პროსპექტზე, რომელსაც დასახიჩრებული გვამები

    მიჰქონდა.

    თვითონ სახელმწიფო ბანკმაც არ იცოდა ზუსტად, რა რაოდენობის ფული დაიკარგა:

    250 ან 341 ათასი რუბლი თუ თანხა ამ ორ რიცხვს შორის, - ნებისმიერ შემთხვევაში ეს

    დიდი ფული იყო, დღევანდელი კურსით დაახლოებით 1.7 მილიონი ფუნტი (3.4

    მილიონი დოლარი).

    ძარცვის მონაწილე ბოჭორიძემ და მისმა ცოლმა მარომ ფული ლეიბებში ჩააკერეს.

    მაუზერიანმა ტანწერწეტა ფაცია გალდავამ მტვირთავებს (ალბათ სტალინის ბიჭებს)

    ფული მტკვრის მეორე მხარეს, უფრო უსაფრთხო სახლში გადაატანინა. მოგვიანებით

    ერთ-ერთი ლეიბი თბილისის მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორის

    საწოლზე დააგეს. აქ სტალინი ცხოვრობდა და მუშაობდა სემინარიის დატოვების

    შემდეგ. ობსერვატორია სტალინის ბოლო ოფიციალური სამსახური იყო 1917 წლის

    ოქტომბრამდე, ანუ იმ დრომდე, სანამ იატაკქვეშეთის საიდუმლო საქმიანობაში

    ჩაებმებოდა და საბჭოთა ხელისუფლებას შეუერთდებოდა. მოგვიანებით ამ

    მეტეოცენტრის დირექტორი ამბობდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ასეთ

    სიმდიდრეზე იწვა.

    ბევრი წყაროს მტკიცებით, სტალინი პირადად დაეხმარა ბანდიტებს

    ობსერვატორიაში ფულის დამალვაში. შეიძლება მითს ჰგავს, თუმცა მაინც

  • 16

    დამაჯერებლად ჟღერს, რომ შეიარაღებულ სტალინს მთაში დასამალად მიჰქონდა

    ნაძარცვი ფულით სავსე ხურჯინები.

    უცნაურია, მაგრამ იმ ღამით, როცა ძარცვა მოეწყო, სტალინი იმდენად უსაფრთხოდ

    გრძნობდა თავს, რომ ოჯახში დაბრუნდა და ცოლის ახლობლებთან წაიტრაბახა, ეს

    ჩემმა ბიჭებმა ჩაიდინესო. მეორე დღეს ის უდარდელად ქეიფობდა სანაპიროს

    დუქნებში. თუმცა ორიოდე დღის შემდეგ ცოლს განუცხადა, რომ ისინი

    მიემგზავრებოდნენ და ახალ ცხოვრებას იწყებდნენ ბაქოში - კავკასიის ნავთობით

    ცნობილ ქალაქში.

    რაც შეეხება ფულს: ის კონტრაბანდით გაიტანეს საზღვარგარეთ. სტალინზე ან

    თუნდაც კამოზე ეჭვი არავის მიუტანია. რამდენიმე სახელმწიფოს პოლიცია ფულისა

    და ბანდიტების პოვნას თვეების განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ სრულიად

    უშედეგოდ.

    „ეშმაკმა იცის, როგორ განხორციელდა ეს განსაკუთრებულად თავხედური ძარცვა,“ -

    წერდა „ნოვოე ვრემია“. სტალინის მიერ დაგეგმილი დანაშაული სრულყოფილი იყო.

    თუმცა ძარცვის ოპერაცია სრულყოფილი ერთი შეხედვით ჩანდა. სინამდვილეში ის

    მოწამლული სასმისი აღმოჩნდა - ამ ამბის შემდეგ სტალინს აღარასდროს უცხოვრია

    თბილისსა და საქართველოში. წარმატებულმა ძარცვამ მას ლამის უბედურება

    მოუტანა. მსოფლიოში გავრცელებული ინფორმაცია ლენინისა და პირადად

    სტალინის წინააღმდეგ მძლავრ იარაღად იქცა.

    ბანდიტები ნადავლს ვერ იყოფდნენ. ლენინი და მისი ამხანაგები ისე იბრძოდნენ

    ფულის ხელში ჩასაგდებად, როგორც ვირთხები - გალიაში; ლენინის მტრები კი სამი

    წლის განმავლობაში აწარმობდნენ სამ დამოუკიდებელ პარტიულ გამოძიებას

    ლენინის განადგურების მიზნით. სტალინი, Persona non grata საქართველოში,

    პარტიის წესების თავხედურად უგულებელყოფისა და სისხლისღვრის

    მოწყობისათვის, თბილისის კომიტეტმა პარტიიდან გარიცხა. ერთი მხრივ, ამას

    შეიძლებოდა ხელი შეეშალა სტალინის ამბიციებისთვის, რაც ლენინთან ერთად

    რუსეთის სახელმწიფო მმართველობაში მოსვლასა და მარქსიზმის მთავარ

    იდეოლოგიად ქცევას ისახავდა მიზნად. 1918 წელს სტალინი მთელი ძალისხმევით

  • 17

    შეეცადა ამ ამბის ჩახშობას[2]. მისი, როგორც ბანდის მეთაურის, ბანკის მძარცველის,

    მკვლელისა და ყაჩაღის კარიერა საიდუმლოდ რჩებოდა XXI საუკუნემდე, თუმცა

    არასაბჭოთა კრიტიკოსებს ძალიან უყვარდათ ამ თემაზე კულუარებში საუბარი.

    მეორე მხრივ, სწორედ თბილისის „სანახაობამ“ შექმნა სტალინი. ამ

    „წარმატებული“ ოპერაციით მან თავის ერთადერთ პატრონს დაუმტკიცა, რომ ის არა

    მარტო ნიჭიერი, არამედ შეუბრალებელი პოლიტიკოსიც იყო. ლენინი დარწმუნდა,

    რომ სტალინი ზუსტად ის იყო, ვინც მას სჭირდებოდა.

    *

    სტალინმა და მისმა ცოლ-შვილმა ძარცვიდან ორი დღის მერე დატოვეს თბილისი.

    წინ ახალი სამყარო იყო დასაპყრობი - ნავთობით მდიდარი ქალაქი ბაქო, რუსეთის

    მაშინდელი დედაქალაქი სანქტ-პეტერბურგი და, ბოლოს და ბოლოს, თვით დიდი

    რუსეთი. პატარა ქართული ქალაქის სასტიკ ქუჩებში გაზრდილი სტალინი ფეხს

    დგამდა დიდ რუსულ სცენაზე. მას მერე არც არასდროს მოუხედავს უკან.

    დიდებასთან ერთად პირადი ტრაგედიაც ელოდა, რამაც მკვლელი

    პირველხარისხოვან პოლიტიკოსად აქცია. სტალინისთვის არანაირი ჯილდო,

    გამოწვევა ან ადამიანის სიცოცხლე არ იყო იმდენად ღირებული, რომ უარი ეთქვა

    თავისი ამბიციებისა და უტოპიური იდეების განხორციელებაზე.

    პირველი ნაწილი

    დილა

    ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,

    გადახვეოდა იასა,

    ზამბახსაც გაღვიძებოდა

    და თავს უხრიდა ნიავსა.

    ტოროლა მაღლა ღრუბლებში

  • 18

    წკრიალ-წკრიალით გალობდა,

    ბულბულიც, გახარებული,

    ნაზის ხმით ამას ამბობდა:

    „აყვავდი ტურფავ ქვეყანავ,

    ილხინე, ივერთ მხარეო,

    და შენც, ქართველო, სწავლითა

    სამშობლო გაახარეო“!

    ი. ჯ-შვილი

    (გაზ. „ივერია“, 1895, 14 ივნისი)

    I. კეკეს სასწაული: სოსო

    1872 წლის 17 მაისს ახალგაზრდა წარმოსადეგი მეწაღე, 22 წლის ბესარიონ (ბესო)

    ჯუღაშვილი დაქორწინდა 17 წლის მომხიბლავ, ჭორფლიან, წაბლისფერთმიან

    გოგონაზე, ეკატერინე (კეკე) გელაძეზე. ჯვრისწერა გორში, მიძინების (უსპენსკის)

    ეკლესიაში ჩატარდა.

    მაჭანკალი სახლში ესტუმრა კეკეს და მეწაღე ბესოს წინადადება გადასცა. ბესო

    ბარამოვის პატარა სახელოსნოს პატივცემული ხელოსანი და სასურველი სასიძო იყო.

    „ჩემი მეგობრების წრეში ბესო წარმატებულ კაცად ითვლებოდა და ყველა გოგო მის

    ცოლობაზე ოცნებობდა. ბესო მართლაც კარგი სასიძო იყო, ნამდვილი ყარაჩოღელი,

    ლამაზი ულვაშებით, ძალიან კარგად ჩაცმული და დახვეწილი, - წერს კეკე თავის

    მემუარებში, რომელიც ახლახან აღმოაჩინეს[3]. კეკეს არც იმაში ეპარებოდა ეჭვი, რომ

    თვითონაც სახარბიელო სარძლო იყო: „ჩემს მეგობარ გოგონებს შორის მე ყველაზე

    ლამაზი ვიყავი“. მართლაც, როგორც ამბობდნენ, ეს „ტანწერწეტა, წაბლისფერთმიანი,

    დიდთვალება გოგონა“ ძალიან მომხიბლავი იყო.

  • 19

    ტრადიციისამებრ, ქორწინების ცერემონიალი მზის ჩასვლისთანავე დაიწყო.

    „ქართული სოციალური ცხოვრება, - წერს ერთი ისტორიკოსი, - ისევე

    რიტუალიზებული იყო, როგორც ინგლისის ვიქტორიანული ყოფა“. ქორწილი ქალაქ

    გორისთვის ჩვეული ხმაურიანი ზეიმით ჩატარდა. როგორც კეკე იხსენებს, „ის

    მართლაც ბრწყინვალე იყო“. მხიარული, თამამი და გულწრფელი სტუმრები

    მოხდენილ შავ ჩოხებში გამოწყობილიყვნენ. ბესოს ორი მეჯვარე ჰყავდა, მათგან

    მთავარი იაკობ (კობა) ეგნატაშვილი იყო - ღონიერი მოჭიდავე, მდიდარი ვაჭარი და

    ადგილობრივი გმირი, რომელიც, როგორც კეკე იხსენებს: „ყველანაირად მოგვეხმარა,

    ოჯახი რომ შეგვექმნა“.

    მეგობრები სიძის სახლში შეიკრიბნენ, სადღეგრძელოები წარმოთქვეს და მერე

    სიძესთან ერთად ქუჩაში გავიდნენ, რათა კეკესა და მის ოჯახს შეხვედროდნენ.

    ყვავილების გვირგვინებით თავდამშვენებული წყვილი წკრიალა ზანზალაკებითა და

    ფრიალა ბაფთებით მორთული საქორწინო ფაეტონით გაემართა ეკლესიისკენ.

    ეკლესიაში, მბჟუტავ სანთლებს შორის, ქალები და მამაკაცები ცალ-ცალკე

    დაჯგუფდნენ. მგალობელთა გუნდის მომღერლებმა ამაღლებული და ჰარმონიული

    ქართული საგალობლები შეასრულეს.

    მერე პატარძალი შემოვიდა მეჯვარეებთან ერთად. მეჯვარეები ცდილობდნენ, ფეხი

    არ დაებიჯებინათ შლეიფზე (ეს ცუდის ნიშანი იყო). ცერემონია ეროვნებით სომეხმა

    მღვდელმა ხახანოვმა ჩაატარა, ქორწინება მღვდელმა კასრაძემ გააფორმა, ოჯახის

    მეგობარმა მამა ქრისტეფორე ჩარკვიანმა კი ისე კარგად იმღერა, რომ იაკობ

    ეგნატაშვილმა „გულუხვად აჩუქა 10 რუბლი,“ რაც მაშინ არცთუ ისე პატარა თანხა

    იყო. ჯვრისწერის შემდეგ ბესოს მეგობრები ტრადიციული ქართული ცეკვა-

    სიმღერით გაემართნენ სუფრისკენ.

    ჯვრისწერა და სიმღერა ჯერ ისევ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რადგან

    საქართველო მაშინ არც ისე დიდი ხნის შეერთებული ჰყავდა რომანოვების იმპერიას.

    ათასობით წლის განმავლობაში, ბაგრატიონთა დინასტიის მეფობისას, საქართველოს

    სამეფო (ჯორჯია - დასავლეთისთვის, გრუზია - რუსებისთვის) უშიშარი რაინდების

    დამოუკიდებელი ქრისტიანული ბასტიონი იყო მონღოლების, თემურიდების,

    ოტომანებისა და სპარსული იმპერიის წინააღმდეგ. მან აპოგეას მიაღწია თამარ მეფის

  • 20

    მმართველობის ხანაში, რომელიც რუსთაველმა უკვდავყო „ვეფხისტყაოსანში“.

    მომდევნო საუკუნეების განმავლობაში სამეფო ურთიერთმოქიშპე სამთავროებად

    დაიშალა. 1801 და 1810 წლებში, რუსეთის მეფეებმა პავლემ და ალექსანდრე I-მა

    საქართველოს სამთავროები რუსეთის იმპერიას შეუერთეს. რუსეთის მიერ კავკასიის

    დაპყრობა იმამ შამილისა და მისი ჩეჩენი მებრძოლების კაპიტულაციით დასრულდა

    1859 წელს, ოცდაათწლიანი ომის შემდეგ; აჭარა რუსეთმა 1878 წელს მიიერთა.

    ყველაზე არისტოკრატული ქართველებიც კი, რომლებიც სანქტ-პეტერბურგში,

    იმპერატორის კარზე ან თბილისში მეფისნაცვალთან მსახურობდნენ,

    დამოუკიდებლობაზე ოცნებობდნენ. კეკეც ამაყობდა ქართული ტრადიციებით.

    „ბესო კარგი მეოჯახე აღმოჩნდა... ის მორწმუნე იყო და ხშირად დადიოდა

    ეკლესიაში,“ - იხსენებდა კეკე. სიძე-პატარძლის მშობლები ადგილობრივი თავადების

    ყმები იყვნენ, რომლებიც 1864 წელს გაათავისუფლა მეფე ალექსანდრე II-მ. ბესოს პაპა,

    ზაზა, ეროვნებით ოსი იყო, გორიდან ჩრდილოეთით მდებარე სოფელ გერიდან[4].

    ზაზა 1804 წელს შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ თავად ერისთავის ამბოხებას.

    შემდეგ, სხვა „მონათლულ ოსებთან“ ერთად თბილისიდან 13 კილომეტრის

    დაშორებით, სოფელ დიდ ლილოში დასახლდა და თავად ბაადურ მაჩაბელს დაუდგა

    ყმად. ზაზას შვილი ვანო თავადის ვენახებს უვლიდა. მას ორი შვილი ჰყავდა: გიორგი,

    რომელიც ყაჩაღებმა მოკლეს, და ბესო, რომელმაც თბილისში, ადელხანოვის

    ფეხსაცმლის ფაბრიკაში იშოვა სამუშაო; მერე სომეხმა იოსებ ბარამოვმა გადაიბირა,

    რომ გორის სამხედრო გარნიზონისთვის შეეკერა ჩექმები. სწორედ იქ შენიშნა

    ახალგაზრდა ბესომ „წაბლისფერთმიანი და ლამაზთვალებიანი, მიმზიდველი,

    კოხტად ჩაცმული გოგონა“.

    კეკეც, გლახო გელაძის ქალიშვილი, ახალი ჩასული იყო გორში. გლახო გელაძე

    ადგილობრივი თავადის, ამილახვრის ყმა იყო. ის ჯერ მექოთნედ მუშაობდა, შემდეგ

    მდიდარი სომეხის, ზახარ გამბაროვის მებაღე გახდა. გამბაროვს გორთან ახლოს,

    გამბარეულში, მშვენიერი ბაღები ჰქონდა. რადგან მამა ადრე გარდაეცვალა, კეკე

    დედის ოჯახმა გაზარდა. ის ასე იხსენებდა გორში გამგზავრებას: „რა ბედნიერი

    მოგზაურობა იყო! ლამაზად მორთულ გორში ხალხი ზღვასავით ღელავდა.

  • 21

    სამხედრო აღლუმი თვალებს გვჭრიდა, ხმამაღალი მუსიკა ისმოდა, საზანდარი და

    ტკბილი დუდუკი უკრავდა და ყველა მღეროდა“.

    კეკეს ახალგაზრდა საქმრო - გამხდარი, შავგვრემანი, შავთვალწარბა და შავულვაშა

    ბესო ქამრით შეკრულ ჩერქეზულ პალტოს, მაღალყელიან ჩექმებში ჩატანებულ

    ფართო შარვალსა და წვეტიან ქუდს ატარებდა. უჩვეულო, უცნაური და პირქუში,

    მაგრამ ჭკვიანი და ამაყი ბესო ოთხ ენაზე ლაპარაკობდა (ქართულ, რუსულ, თურქულ

    და სომხურ ენებზე) და „ვეფხისტყაოსნიდან“ მთელი რიგი ადგილები იცოდა

    ზეპირად.

    ჯუღაშვილების საქმე წინ მიდიოდა. გორში ბევრი ოჯახი ისეთი ღარიბი იყო, რომ

    ალიზით შელესილ ქოხში ან პირდაპირ მიწურში ცხოვრობდა. მაგრამ

    შრომისმოყვარე მეწაღე �